მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის კონსორციუმმა“ 31 დეკემბრამდე სრულად უნდა წარმოადგინოს სასესხო ხელშეკრულებები, პროცესი უსასრულოდ ვერ გადავადდება
მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის კონსორციუმმა“ 31 დეკემბრამდე სრულად უნდა წარმოადგინოს სასესხო ხელშეკრულებები, პროცესი უსასრულოდ ვერ გადავადდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 16 დეკემბერს იწურება შუალედური ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინოს.

მისივე განმარტებით, 31 დეკემბერია საბოლოო ვადა, როცა კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

„ჩვენ 16 დეკემბერს შუალედური ვადა გვაქვს, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება.ასევე, 31 დეკემბრამდე გვაქვს ვადა, როდესაც უნდა იყოს წარმოდგენილი სრულად, ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები, საკუთარი კაპიტალის შევსებაც უნდა მოხდეს, უნდა იყო ხელშეკრულება ხელმოწერილი პორტის ოპერატორ კომპანიასთან. ასევე, უნდა იყოს ხელმოწერილი ხელშეკრულება მშენებელ კონტრაქტორთან“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ მათთვის არსებული ინფორმაციით, კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ხსენებული ვადების დაცვა ვერ მოხერხდება.

„როგორც ჯერჯერობით ვხედავთ, სამწუხაროდ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, ამ ვადების შესრულება კონსორციუმის მიერ ალბათ ვერ მოხერხდება. შესაბამისად, 31 დეკემბერს ჩვენ გვექნება საშუალება, უკვე ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე ვიმსჯელოთ შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გზას და რკინიგზას, პროექტირება მიმდინარეობს. საპროექტო ორგანიზაციამ საპროექტო დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელზეც ჩვენ საკმაოდ ბევრი შენიშვნა გვქონდა. ამ შენიშვნების გადამუშავება მოხდა და ჩვენ დასრულებული პროექტის წარმოდგენას ველოდებით. თუ ეს უშუალოდ ამ ვადაში მოხერხდება, ჩვენ შემდგომში იმაზე ვიფიქრებთ, რომ ტენდერიც გამოვაცხადოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს დაკავშირებული მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობის ნაწილში პროგრესთან, რადგან არავითარი აზრი არ აქვს, გქონდეს გზა მაშინ, როდესაც არ გაქვს ფუნქციონირებადი პორტი, რიმელსაც თუნდაც წელიწადნახევარში ან ორ წელიწადში ამას კონსორციუმი გვპირდებოდა, რომ პირველი გემი შემოვიდოდა. როგორც გზა და რკინიგზა, ასევე, პორტის ფუნქციონირება ერთად უნდა იყოს გახილული. რაც შეეხება ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტას, ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი, ფაქტობრივად, უკვე ორი წლით მოხდა გადავადება ამ პროცესის და ამ პროცესის უსასრულოდ გადავადება შესაძლებელი არ არის“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა,