შესაძლოა, ქართული რეალობიდან გამომდინარე, გარკვეულ საკითხებზე ცოტა სხვა შეხედულება გვქონდეს, ვიდრე ვენეციის კომისიას, ოდირ-ს თუ სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ამ ჩარჩოში ვმოქმდებთ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ზვიად აბაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„რაღაცნაირად უნდა შევძლოთ მათთან ერთად თანამშრომლობაც. აუცილებლობა არ არის, ყველა საკითხზე ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ გარკვეული ფორმით თუ ხერხდება რაღაც კონსენსუსის მიღწევა, რომ დასრულდეს რაღაც საკითხებზე კინკლაობა, ეს საზოგადოებისთვის ალბათ მისაღებია. თუმცა დღევანდელი მოცემულობით ჩვენთან პოლიტიკურ პარტიებს ამის დიდი რესურსი არ აქვთ, რაც აშკარად ჩანს“, – აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, მოსახლეობისთვის ტექნიკურად არ არის საინტერესო, თუ როგორ ჩამოყალიბდება ცესკო.
„მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდით, სამწუხაროდ, უფრო ხშირი გვაქვს ბევრ საკითხთან მიმართებით არაკონსენსუსი, ვიდრე კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის. პარლამენტში მყოფი პოლიტიკური პარტიები საერთო ენას თუ გამონახავდნენ და საერთო თამაშის წესებზე მიაღწევდნენ შეთანხმებას, ეს საზოგადოებისთვის იქნებოდა იმის თქმა, რომ ქართულ პოლიტიკაში შესაძლებელია გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება და მთლად ყოველთვის ყველაფერზე პოლარიზებული არ ვართ. სახალხო დამცველის არჩევისას გამოჩნდა, რომ სადღაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა აბაშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, ზვიად აბაშიძემ განაცხადა, რომ ამის პოტენციალი არსებობს.
„თუ გადავხედავთ პოლიტიკური პარტიების კონფიგურაციას, საზოგადოებაზე მათი გავლენის ხარისხს, მიმხრობის უნარს და, ზოგადად, პარტიებისადმი ნდობას, ამის რესურსი ნამდვილად არსებობს და შესაძლებელია, ასეც მოხდეს, თუმცა ალბათ არჩევნები გვაჩვენებს ყველაფერს, რა როგორ განხორციელდება“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა ასეთი დოგმა, თუ საპარლამენტო მმართველობა შეიქმნება, აუცილებლად იქნება კოალიციური მთავრობა, რაც არასწორია.
„არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში ასეთი დოგმის შექმნა, მაგრამ საპარლამენტო მმართველობა არსად არ აწესებს, რომელიმე პარტიამ ხმების რა რაოდენობა უნდა მიიღოს ან რამდენჯერ უნდა გაიმარჯვოს. ასეთი რამ არ არსებობს. მას შეუძლია, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობაც და შეუძლია, მიიღოს ხმების 100 პროცენტიც. ეს განხილვას არ ექვემდებარება. 2019 წლის არჩევნებზე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების თითქმის 80 პროცენტამდე მიიღო, მაგრამ არავინ არ ამბობს, რომ ის არჩევნები გაყალბებული იყო. ეს მომენტი რატომღაც გამოეპარება ხოლმე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ის თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისთავად ეს არის დემოკრატიის საწინააღმდეგო. არა, ეს არ ეწინააღმდეგება იმ პროცედურებს, რასაც საპარლამენტო ჰქვია. ალბათ ამ შემთხვევაში დისკურსი არის შესაცვლელი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, როგორ ყალიბდება ხელისუფლება, მთავრობა თუ სახელისუფლებო შტოები და, საერთოდ, როგორ უნდა განაწილდეს ხელისუფლება, რომ ეს გონივრული იყოს, ხანდახან რაღაცას ცოტა ზედმეტად ავიკვიატებთ ხოლმე. მერე იმ აკვიატების ტყვეები ვართ. აუცილებელი არ არის, საპარლამენტო მმართველობაში რომელიმე პარტიას დაუწესდეს, რამდენჯერ უნდა გაიმარჯვოს ან რამდენი ხმა უნდა მიიღოს. ის გაიმარჯვებს იმდენჯერ, რამდენჯერაც გაიმარჯვებს და მიიღებს იმდენ ხმას, რამდენსაც მიიღებს. აქ მთავარია, საზოგადოებაში იყოს არჩევნების მიმართ ნდობა“, – განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, როდესაც ზოგადად პოლიტიკური სისტემისადმი ნდობაზე ვსაუბრობთ, საზოგადოებაში ამ მხრივ ხანდახან ცოტა არასერიოზული დამოკიდებულებაა.
„არის ცნობილი გამოთქმა, რომ ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვეკითხება, ვიღაც თვითონ აირჩევს საკუთარ თავს და ა.შ. ასეთი მოარული ხმები არის ქართულ საზოგადოებაში და ეს დიდი ხანია, ასეა. ალბათ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამ უნდა გადალახოს, არის ეს, თორემ თუ რომელიმე პარტია წესიერ და პატიოსან არჩევნებში ხმების რაღაც რაოდენობას იღებს, ამის აკრძალვა როგორ შეიძლება? ის, რომ 45%-ზე მეტი არ უნდა მიიღო ან 48%-ზე მეტი, რატომ არ უნდა მივიღო, ვინ აკრძალა ეს? არავინ“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, 5%-იანი ბარიერი, ზოგადად, ცუდად არ მოქმედებს საარჩევნო სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ალბათ ცუდი არ იქნებოდა, კოალიციური სისტემის აკრძალვა არ მომხდარიყო.
„აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ჩეხეთში, პოლონეთში და ბევრ ქვეყანაში გააკეთეს ეს ასე, ოღონდ ისე, რომ თუ პარტია კოალიციას შეკრავს, რამდენი სუბიექტიც ექნება, იმდენად მეტი ხმების რაოდენობა უნდა მიიღოს და ბარიერიც იზრდება მათთვის. ანუ, ერთი მხრივ, თითქოს არ უკრძალავ პლურალიზმს, მაგრამ, მეორე მხრივ, უბიძგებ, რომ პარტიები გამსხვილდნენ. ჩვენ შემთხვევაში ალბათ სამომავლოდ ზოგადად პარტიული სისტემის სტაბილიზაციისთვის ეს უფრო უკეთესი ნაბიჯი იქნებოდა“, – განაცხადა ზვიად აბაშიძემ.