ზურგის ტვინის სითხე ძილის დროს ადამიანის თავის ტვინს ნარჩენებისგან რეცხავს — ახალი კვლევა
ყოველ ღამით, ჩვენი თავის ტვინი ირეცხება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ნეირომეცნიერებმა ახლახან შექმნეს ვიდეო, რომელიც ამ ღამის პულსირების მოქმედებას ასახავს.
როგორც უახლესი კვლევა აჩვენებს, როცა გვძინავს, ზურგის ტვინის (ცერებროსპინალური) სითხის ტალღები (CSF) ჩვენს თავის ტვინში შემოდის, რიტმულად პულსირებს და ასუფთავებს იმ ტოქსინებისგან, რომლებიც ჩვენს თავში არ უნდა იყოს.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს აღმოჩენა დიდად დაეხმარება სხვადასხვა ნევროლოგიურ და ფსიქოლოგიურ აშლილობათა კვლევას, განსაკუთრებით კი ძილის აშლილობასთან დაკავშირებულს.
ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის, ლაურა ლევისის თქმით, ნეირონებში ამ ელექტრული ტალღების მოქმედების შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ამ დრომდე არაფერი ვიცოდით, რომ ცერებროსპინალურ სითხეში ნამდვილი ტალღებიც არის.
წინა კვლევები მიუთითებდა, რომ ცერებროსპინალური სითხე მნიშვნელოვანია ტვინიდან ნარჩენების გამოსატანად, მაგრამ მეცნიერებმა ამ დრომდე არაფერი იცოდნენ ამ პულსირებადი მოქმედების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, მასზე დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
ტვინის ნელი ტალღების აქტივობასთან (რომელიც ნაწილობრივ აფიქსირებს ჩვენს მეხსიერებას) და ძილის დროს სისხლის ნაკადის შემცირებასთან ერთობლივ მოქმედებაში, როგორც ჩანს, ცერებროსპინალური სითხის ტალღები თავის ტვინს რეცხავს არასაჭირო ცილებისა და სხვა ზედმეტი ნარჩენებისგან.
ადამიანის დაბერებასთან ერთად, ტვინის ნელი ტალღების სიხშირე ეცემა და ახალი კვლევა შეიძლება დაეხმაროს ნორმალურ ასაკთან დაკავშირებულ პრობლემათა და სფეციფიკურ აშლილობათა კვლევებს.
ეს კვლევა ასევე ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე შესაძლებელია იმის გარკვევაც, სძინავს თუ არა ვინმეს; ამისათვის საჭიროა ცერებროსპინალური სითხის მახასიათებელთა ანალიზი ტვინის სკანირებისას.
კვლევის ფარგლებში, 22-დან 33 წლამდე ასაკის 13 ადამიანს ძილის დროს კომოიუტერული ტომოგრაფიით ამოწმებდნენ. სამომავლოდ იგეგმება ასაკოვნების კვლევაც, რათა გაირკვეს, როგორ იცვლება ეს პროცესი ასაკის მატებასთან ერთად.
რჩება ერთი კითხვა — ზუსტად როგორ მოქმედებდნენ სინქრონულად და ასე ეფექტიანად ცერებროსპინალური სითხე, ტვინის ტალღები და სისხლის ნაკადი. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ღამით ნეირონები ითიშება და იმდენი სისხლი აღარ სჭირდებათ. სისხლის ნაკადის შემცირებასთან ერთად კი, თავის ტვინში წნევას ინარჩუნებს ცერებროსპინალური სითხის შემოდინება.
ლევისის განცხადებით, ეს მხოლოდ ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ უცნობია მიზეზობრივი კავშირები; გაურკვეველია ისიც, ერთი ეს პროცესი მეორეს იწვევს თუ ყველა მათგანს რაღაც მალული ძალა წარმართავს.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია bu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.