ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩის“ რამდენიმე შტაბი ბარებშია განთავსებული, სადაც ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ვსვამთ და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ, ამის გამო დაჯარიმებით იმუქრებიან
ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩის“ რამდენიმე შტაბი ბარებშია განთავსებული, სადაც ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ვსვამთ და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ, ამის გამო დაჯარიმებით იმუქრებიან

„გირჩი“ ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რამდენიმე ბარში მათი პარტიის შტაბია გახსნილი, რომლებსაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი დაჯარიმებით ემუქრება.

ჯაფარიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „გირჩის“ მხარდამჭერები პარტიის წევრებთან ერთად ბარებში იკრიბებიან, ყიდულობენ სასმელს და სხვადსხვა თემაზე საუბრობენ. მისივე თქმით, ამის გამო ბარების დაჯარიმება პარტიის კამპანიისთვის ხელის შეშლაა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში „გირჩის“ რამდენიმე  შტაბი ფუნქციონირებს, მათ შორის ამ შტაბის ნაწილი განთავსებულია ბარებში. როგორც იცით, ბარებს ფუნქციონირება აკრძალული აქვთ და ჩვენ ამ ბარებს და მათ მეპატრონეებს, რომლებიც მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები არიან, ვიყენებთ ურთიერთთანამშრომლობისთვის, ანუ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიდნენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც მოიხმარენ სხვადსხვა სასმელს, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, გვქონდეს შტაბები და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. გუშინ ღამე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ორკესტრირებულად შევარდა ჩვენს ყველა შტაბში და რამდენიმე მათგანს დაემუქრა, რომ დააჯარიმებდნენ. ეს ცალსახად არის ჩვენი კამპანიისთვის ხელის შეშლა და შრომის ინპსპექტირების დეპარტამენტი, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ივანიშვილის ხელში, ამ წუთში გადაქცეულია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად და კონკრეტულად „გირჩის“ მიმართ გამოიყენება ბრძოლის ეს ხერხი, რომ ხელი შეგვიშალონ კამპანიის ჩატარებაში. ჩვენ ვართ ეგეთი პარტია და კამპანიას ვატარებთ ასეთი ფორმით. ბარში მოდიან ჩვენი მხარდამჭერი ახალგაზრდები, ჩვენ მათთან ერთად ვსვამთ და ვლაპარაკობთ სხვადასხვა თემაზე, ეს არის ჩვენი კამპანიის შინაარსი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ „გირჩმა“ საკუთარი ამომრჩეველი მოისყიდოს, „როგორც ამას სხვა პარტიები აკეთებენ.“

„პრობლემა ყოფილა ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მოდიან და სასმელში იხდიან ფულს, ეს ყოფილა რაღაც სამეწარმეო საქმიანობა და ამის გამო დაჯარიმებით იმუქრებიან. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ისინი, როდესაც მოჰყავთ თავიანთი აქტივი, მერე  გაუმართავენ ორსართულიან სუფრებს, ასმევენ ღვინოს და ამაში ცვლიან მათ მხარდაჭერას, უნდათ, რომ ასე მოვიქცეთ ჩვენც. ჩვენ ამის არც სურვილი გვაქვს და არც – რესურსი. თუ ჩვენ მოვიქცევით ცივილიზებულად, როგორც ეს ხდება ნორმალურ ქვეყნებში, სადაც ადამიანები თვითონ მოდიან და სასმელს თავად ყიდულობენ, ამ შემთხვევაში, ისინი გვემუქრებიან დაჯარიმებით და ხელს გვიშლიან კამპანიაში. მე ეჭვი მეპარება, თალაკვაძე კომოს ტბაზე რომ დადის, აქედან საკუთარი ბოცით მიჰქონდეს ოჯახში გაკეთებული „ცოლიკაური“.ის იქ ხომ  ცივილიზებულად იქცევა?! აქ კი საკუთარ ამომრჩეველს აღიქვამენ ადამიანებად, რომელთა ხმა ერთი ქეიფით და რაღაც ხუთი კილო კარტოფილით შეიძლება იყიდონ. უნდათ, რომ ჩვენც ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გუშინ ღამით, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე „სახელოსნო ბარი“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 10 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა დაწესებულებაში მყოფ პარტია „გირჩის“ წევრებსა და შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს შორის. „გირჩში“ აცხადებენ, „სახელოსნო ბარში“ მათი საარჩევნო შტაბია გახსნილი.