„გირჩის“ წევრები აცხადებენ, რომ „სახელოსნო ბარში“, რომელიც ინსპექტირების დეპარტამენტმა რეგულაციის დარღვევისთვის დააჯარიმა, მათი საარჩევნო შტაბია გახსნილი
„გირჩის“ წევრები აცხადებენ, რომ „სახელოსნო ბარში“, რომელიც ინსპექტირების დეპარტამენტმა რეგულაციის დარღვევისთვის დააჯარიმა, მათი საარჩევნო შტაბია გახსნილი

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე „სახელოსნო ბარი“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 10 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა დაწესებულებაში მყოფ პარტია „გირჩის“ წევრებსა და შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს შორის.

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, „სახელოსნო ბარი“ დაექვემდებარა დაჯარიმებას იმ რეგულაციიდან გამომდინარე, რომელიც  22:00 საათის შემდეგ რესტორნების, ბარებისა და ყველა გასართობი დაწესებულების საქმიანობას ზღუდავს.

„ჩვენ ვახორციელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით ინსპექტირების პროცესს. ამ შემთხვევაში „სახელოსნო ბარის“ ინსპექტირებისას, დავადგინეთ, რომ ხორციელდებოდა მთავრობის დადგენილებით აკრძალული საქმიანობა და ისინი ფუნქციონირებდნენ 22:00 საათის შემდგომ. მათ შორის, დარღვეული იყო ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაჯარიმეთ კომპანია 10 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

როგორც „გირჩში“ აცხადებენ, „სახელოსნო ბარში“ მათი საარჩევნო შტაბია გახსნილი და აღნიშნულ დაწესებულებას სწორედ პოლიტიკური შეხვედრებისთვის იყენებენ. მათი თქმით, შესაბამისად, არ დაურღვევიათ მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაცია.

„გირჩის“ წარმომადგენლების თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და სანქციას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ავუხსენით, რომ ეს იყო „გირჩის“ წინასაარჩევნო შტაბი და იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური შეხვედრა, თუმცა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს აუცილებლად არის კვების ობიექტი. ამ საქმეს გავასაჩივრებთ აუცილებლად. ამ 10 000 ლარს არ გადაიხდის არც ეს ბარი და არც „გირჩი“, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ.