ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი რუსთავში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
„ადგილზე 800 დევნილი ოჯახისთვის ოთხი კორპუსი შენდება. ახალი, გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობები 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარია, 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება“,- აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.