ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრებს - თქვენ გიმასპინძლებთ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ულამაზესი ქვეყანა
თქვენ გიმასპინძლებთ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ულამაზესი ქვეყანა, – ასე მიმართა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ორგანიზაციის წევრებს,
პოლოლიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის საქართველოში გამართვის საკითხის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარებისთვის.
„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, 2020 წელს საქართველოში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით. თქვენ გიმასპინძლებთ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ულამაზესი ქვეყანა, სტუმართმოყვარე ხალხით, ქვეყანა რომელიც მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ, აქვს უნიკალური დამწერლობა და ტრადიციები. ეს პირველი ევროპელების სამშობლოა. მაქვს პატივი, 2020 წელს გიმასპინძლოთ ულამაზეს საქართველოში, სადაც თქვენ გაეცნობით ქვეყნის მდიდარ პოტენციალს, ასევე იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელმაც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო რუკაზე“, – განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს – აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. აღმასრულებელი საბჭოს სხდომას ყოველწლიურად სხვადასხვა სახელმწიფო მასპინძლობს და ტურიზმის მინისტრები, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და კომპანიების პრეზიდენტები და საერთაშორისო მედია ესწრება.