ზურაბ პატარაძე - დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანში შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დამატებით იმპულსს შეიტანს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს აფასებს.
მისი თქმით, შეხვედრებზე, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გამართავს, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, რაც დღის წესრიგში დგას.
„დღეს იწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, კოლეგასთან, ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები დამატებით იმპულსს შეიტანს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებით.
ასევე დაგეგმილია მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელების შეხვედრა. მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში. მოგეხსენებათ, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებია, მაღალი დინამიკა არის განსაკუთრებით აღსანიშნი ჩვენს ქვეყნებს შორის და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დგას დღის წესრიგში, ყველა ეს საკითხი იქნება განხილული და ეს ვიზიტი შეიტანს განსაკუთრებულ წვლილს ჩვენს ორმხრივ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობაში.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც არსებობს და ჩვენ ძალიან წარმატებულად მივდივართ წინ ამ მიმართულებით. საქართველოს მედიაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ეს და სხვა საკითხები იქნება განხილული. ჩვენ ვიყავით მოწმე სულ ახლახან თბილისში სამმხრივი შეხვედრის, საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის პრემიერ მინისტრების. მანამდე ამ შეხვედრას წინ უძღოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში და ვფიქრობ, მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ და სხვა საკითხებზე ერთად ვიმსჯელოთ“, – განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.