ზურაბ ჯაფარიძის ბარში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის ბარში ამ წუთებში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

სამართალდამცველებმა ბარში მყოფ პირებს ტერიტორია დაატოვებინეს.

„გირჩის“ წევრის, ანა ყურაშვილის განცხადებით, დაახლოებით 40 წუთის წინ ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები და ბარიდან გამოსვლა სთხოვეს. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჰქონდათ ჩასატარებელი.

ანა ყურაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ.

ბარში ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი რჩება. ადგილზე მუშაობენ კრიმინალური პოლიციის ექსპერტები.

ბარის გარე პერიმეტრზე ასევე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და განაცხადა, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს. ჯაფარიძე 13 თებერვალს, გვიან ღამით უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მან ბარი ისევ გახსნა. 14 თებერვალს ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ისევ მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ლოგიკურად, შსს-მ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მას აქვს დეპუტატის იმუნიტეტი, შესაბამისად, უნდა მიმართონ პარლამენტს, რათა პარლამენტმა შეუჩეროს უფლებამოსილება.