შრომის ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის ბართან დაკავშირებით ინფორმაცია შსს-ს გადაეგზავნება და შესაძლებელია, მოხდეს ბარის დალუქვა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი მაია მიქაია აცხადებს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის ბართან დაკავშირებით ინფორმაცია შსს-ს გადაეგზავნება, რადგან მეორედ დაფიქსირდა არანებადართული საქმიანობა.
„გუშინ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის მოხდა ბარის დაჯარიმება. მოხდა ფიზიკური პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ იქნა გამოყენებული სანქცია 2 000 ლარის ოდენობით. დღეს მოვიდა შრომის ინსპექცია ადგილზე, მეორედ დაფიქსირდა არანებადართული საქმიანობის განხორციელება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნება შსს-ს. ისინი გააკეთებენ თავის კომენტარს და განმარტებას. შესაძლებელია როგორც ობიექტის დალუქვა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაც“, – განაცხადა მაია მიქაიამ.