შრომის ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის ბართან დაკავშირებით ინფორმაცია შსს-ს გადაეგზავნება და შესაძლებელია, მოხდეს ბარის დალუქვა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი მაია მიქაია აცხადებს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის ბართან დაკავშირებით ინფორმაცია შსს-ს გადაეგზავნება, რადგან მეორედ დაფიქსირდა არანებადართული საქმიანობა.
„გუშინ არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის მოხდა ბარის დაჯარიმება. მოხდა ფიზიკური პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ იქნა გამოყენებული სანქცია 2 000 ლარის ოდენობით. დღეს მოვიდა შრომის ინსპექცია ადგილზე, მეორედ დაფიქსირდა არანებადართული საქმიანობის განხორციელება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნება შსს-ს. ისინი გააკეთებენ თავის კომენტარს და განმარტებას. შესაძლებელია როგორც ობიექტის დალუქვა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაც“, – განაცხადა მაია მიქაიამ.
ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და აცხადებს, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს. ჯაფარიძე გუშინ უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მან ბარი დღესაც გახსნა. ბარში დღეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ლოგიკურად, შსს-მ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მას აქვს დეპუტატის იმუნიტეტი, შესაბამისად, უნდა მიმართონ პარლამენტს, რათა პარლამენტმა შეუჩეროს უფლებამოსილება.