ზურაბ ჯაფარიძე უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც რამდენიმე საათის წინ აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა, უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის დააჯარიმეს.
ადგილზე სამართალდამცველები და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„აღმაშენებლის N45-ში გამოვლინდა და დადასტურდა არანებადართული ეკონომიკური საქმის განხორციელება, ორგანიზატორი იყო ფიზიკური პირი და შესაბამისი სანქცია იყო გამოყენებული, რომელიც არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. დაჯარიმდა ფიზიკური პირი 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი შემთხვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ასევე, ხორციელდება ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენელმა, მაია მიქაიამ.
ამასთან, ადგილზე მივიდა მუნიციპალური ინსპექციაც, რომელიც ხმაურზე ახდენს შემოწმებას.
თავად ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ჯაფარიძის თქმით, მას დეპუტატის მანდატი იცავს, რასაც იყენებს, ბარის ამოქმედებას ხვალაც აპირებს და ერთ-ერთი თანაპარტიელის დაბადების დღის აღნიშვნასაც კი გეგმავს.
ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და აცხადებს, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს.