ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში სამართალდამცველები და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ
ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში სამართალდამცველები და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ დღეს გახსნილ ბარში „ჯაფარასთან“ სამართალდამცველები და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ.

ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი დოკუმენტაციას სწავლობს.

„უნდა დაადგინონ, რომ მე ვარ ფიზიკური პირი, რომელსაც იჯარით მაქვს აღებული შენობა და უკანონო ვაწარმოებ ეკონომიკურ საქმიანობას. ეს მე არც დამიმალავს. მითხრეს, რომ სანქცია არის ფიზიკურ პირზე 2 000 ლარი. ანუ, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მე დამაჯარიმონ 2 000 ლარით. ჩვენ ამაზე აღარ ვნერვიულობთ და ვაგრძელებთ გართობას.

გადახდას არ ვაპირებ. რაც შეეხება კომენდანტის საათს, არ ვიცი, შრომის ინსპექცია თუ აჯარიმებს კომენდანტის საათის დარღვევის გამო. აქ ვინც არის მოსული, შესაბამისი პასუხისმგებლობით არის, ყველამ იცის, რომ შესაძლოა, ამის გამო დააჯარიმონ, მაგრამ მოვიდნენ და ათენებენ ღამეს. მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა, ბარი გავხსენი, ვისაც უნდოდა მოვიდა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ რამდენიმე საათის წინ გახსნა და აცხადებს, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს.