ზურაბ ჯაფარიძე - თუ იქნება ერთიანი პოზიცია, რომ პარლამენტში არავინ შედის, „გირჩი“ არ შევა და არც მეორე ტურში მივიღებთ მონაწილეობას
ზურაბ ჯაფარიძე - თუ იქნება ერთიანი პოზიცია, რომ პარლამენტში არავინ შედის, „გირჩი“ არ შევა და არც მეორე ტურში მივიღებთ მონაწილეობას

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მიისის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანია, დაარწმუნონ ისინი, რომ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

„იქნება ჩემი კონკრეტული ქეისი, დიდუბეში რა გააკეთა და როგორ გააყალბა ცესკო-მ, ამის მოყოლას ვაპირებ. დიდუბის ოლქში მე დამაკლეს 100 ხმა და ანა დოლიძეს მოუმატეს 2 057 ხმა, რომელიც დღემდე, ჯერ კიდევ არ არის ჩამოკლებული“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციაში ერთიანი პოზიციის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე „გირჩიც“ უარს იტყვის.

„ჩვენ ვიყენებთ სამართლებრივ მექანიზმებსაც, ვასაჩივრებთ“. თუ იქნება ერთიანი პოზიცია, რომ არავინ შედის პარლამენტში, „გირჩი“ არ შევა. თუ არ შევდივართ, მაშინ მეორე ტურშიც არ მივიღებთ მონაწილეობას. ქუჩაში პროცესები არის კარგი. ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური წნეხი, აღიარონ, რომ ჩაიდინეს დანაშაული და გააყალებს არჩევნები, რაც ჩვენ დაგვეხმარება პროცედურული ბრძოლების მოგებაში. საბოლოო ჯამში, მიზანი არის ვადამდელი არჩევნები. ჩვენ შევეცდებით, ვაჩვენოთ, რომ იყო ძალიან ბევრი დარღვევა, რომელმაც საბოლოო შედეგებზე გავლენა მოახდინა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ექვსი პოლიტიკური პარტია ამ წუთებში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდება.

შეგახსენებთ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.