ზურაბ ჯაფარიძე - სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის ინიციატივისადმი ჩემი დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ვისაც როგორ უნდა, ისე გააგრძელოს ბრძოლა
მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა ახლა არასერიოზულია, აშშ ამბობს, მტკიცებულებები გვიდევსო, ჩვენებმა აქ რა უნდა გამოიძიონ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არის რაღაც ინიციატივები, რომლებსაც მხარს უჭერს და არის ინიციატივები, რომლებისაც არ სჯერა.
„ჩემი დამოკიდებულება, ზოგადად, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის ინიციატივისადმი არის ასეთი, რომ ვისაც როგორ უნდა, ისე გააგრძელოს ბრძოლა. არის რაღაც ინიციატივები, რომლებსაც მე მხარს ვუჭერ და არის ინიციატივები, რომლებისაც არ მჯერა. საგამოძიებო კომისიის შექმნა, მგონია, რომ ამ თემაზე ახლა არის სწორედ არასერიოზული. რა საგამოძიებო კომისია. კლანის შესახებ საგამოძიებო კომისია რომ შეგექმნა, მასალები მოგემზადებინა, გაგეგზავნა შემდეგ ამერიკაში და მოგეთხოვა სანქცია, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა უკვე სანქცია დაადეს და ამერიკას უდევს მტკიცებულებები. ფაქტია, იძახიან, გვიდევსო. რა უნდა გამოიძიონ აქ ჩვენებმა? ამიტომ ნაკლებად მჯერა, მაგრამ, რა ვიცი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.