ზურაბ ჯაფარიძე - შევქმნით განათლების სისტემას, სადაც მშობლები და სკოლები თავად გადაწყვეტენ, რა სახელმძღვანელოებით, რა მეთოდებით ასწავლონ
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ განათლების ალტერნატიული სისტემის შექმნას აპირებს, – ამის შესახებ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ მიერ მომზადებული განათლების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანების ისტორიაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელსაც პირობითად „თავისუფალი განათლება“ ერქმევა.
ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა განათლების სფეროშია და ის სწორედ არსებული სისტემის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.
„ჩვენ დღეს გვაქვს „გირჩისთვის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის „თავისუფალი განათლების“ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს არსებული სახელმწიფოს ცენტრალიზებული სისტემის ალტერნატიული განათლების სისტემის შექმნას, საბოლოო ჯამში, ეს იქნება სკოლების ქსელი, რომელსაც „გირჩი“ შექმნის.
მივიჩნევთ, რომ არსებული განათლების სისტემა, რომელშიც ჩვენ მოქალაქეები ვხარჯავთ მილიარდებს, სინამდვილეში ემსახურება მხოლოდ ჩვენი მომავალი თაობის განადგურებას. არსებული განათლების შედეგია ყველა ის პრობლემა, რაც ქვეყანაშია. მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული სისტემის კოსმეტიკური ცვლილება, რაც დააანონსეს რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა, არის დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვა.
ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ ალტერნატიული სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობას, საკუთარი თავი იპოვონ იმ ცხოვრებაში, რომელიც იქნება 15-20 წლის შემდეგ დედამიწაზე.
„თავისუფალ განათლებაში“ ვგულისხმობ განათლებას, რომელიც თავისუფალია სახელმწიფო წნეხისგან, სახელმწიფო რეგულაციებისგან. შევქმნით განათლებას, სადაც მშობლები და სკოლები თვითონ გადაწყვეტენ რა სახელმძღვანელოებით, რა მეთოდებით ასწავლონ. იქნება ინდივიდუალური მიდგომა,არ იქნება კლასების დაყოფა ასაკის მიხედვით. ბევრი განმასხვავებელი ნიშნები იქნება, რითაც ეს განათლება მოუგებს კონკურენციაში ნებისმიერ არსებულ განათლების სისტემას“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.