ზურაბ ჯაფარიძე - შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა და არც ამაზე მჯერა
დოკუმენტი არის უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმი არის ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა და არც ამაზე მჯერა, თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი უფრო კარგად არის გაწერილი, – ამის შესახებ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტზე საუბრისას, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო, მოვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე პარტიაში, მქონდეს კონსულტაციები, სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამისა შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ამბავია, ეს არ გაგრძელდება დიდხანს და შეიძლება აქ გვქონდეს ერთიანი შეხვედრა. „ოცნება“ მოაწერს თუ არა, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგაზე არაა დამოკიდებული ჩემი ხელმოწერა, მე თვითონ მაქვს მისაღები პრინციპული გადაწყვეტილება. არც ერთ პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა გადავწყვიტო და უნდა გადაწყვიტოს ჩემმა პარტიამ, მათთან მჭირდება კონსულტაცია.
არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე ასევე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას, თორემ ისე ეს დოკუმენტი არ არის არაფერი. არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების ნაწილს. პოლიტპატიმრების ნაწილში მართლა მნიშვნელოვანი წინსვლაა და იმ ხალხის გამოშვება მართლა მნიშვნელოვანი, მაგის მიღმა რაც არის რავიცი, არაფრის მჯერა. რაც ცალსახად ჩანს და დღესაც დაგვიდასტურეს არის ის, რომ ეს პროცესი ვერ გაგრძელდება უსაშველოდ. არც იმის მჯერა, რომ იმ პუნქტებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა მოხდება და მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში ეშველება, არც იმის მჯერა, რომ არჩევნების ნაწილში რაც წერია მაგით საარჩევნო სისტემა ისეთი გამართული გახდება, რომ კარგ არჩევნებს ჩავატარებთ და ის ბოლო პუნქტი საერთოდ ძალაუფლების განაწილების, კომიტეტის თავმჯდომარეები გახდებიან ოპოზიციის წევრები, ეგ ჩემი აზრით, საერთოდ არაფერი არ არის, ანუ არაფრის არ მჯერა მაგის იქით. პოლიტპატიმრების ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდა და მექანიზმები გაიწერა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.