ზურაბ ჯაფარიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი შინაარსით არის ნონსენსი და გასაუქმებელია
საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი შინაარსით არის ნონსენსი და გასაუქმებელია, – ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილის განცხადებაზე, რომ „ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველი არხი უნდა გავაუქმოთ“.
„კახა ოქრიაშვილმა რა თქვა, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ერთი 15 წელია, ვიძახი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდია. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს აქტივი, მათ შორის თბილისის ცენტრში აქვს შენობა და ეგეც გასაყიდია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეკითხვაზე, რომ საქართველოს პირველი არხის შენობა ისედაც იყიდება, ჯაფარიძე ამბობს:
„ყიდის იმიტომ, რომ სადღაც ახალი უნდა ააშენონ, რომლის აშენებასაც ახალი ვალის აღებით აპირებდა, რომელიც მერე ჩვენ უნდა გვეხადა. ამიტომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი შინაარსით არის ნონსენსი და გასაუქმებელია“, – აღნიშნა „გირჩის“ ლიდერმა.
ამასთან, ჯაფარიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებები, რაც კანონით არის დაცული, მათ შორის უმცირესობების მიმართულებით, სისულელეა.
„სისულელეა ყველა ეგ ვალდებულება. კანონში ეგ ჩანაწერები არის გასაუქმებელი. საქართველოში უკვე რამდენიმე ასეული არხია და თუ ვინმეს რამის გაშუქება უნდა და მაყურებელი ეყოლება, ყველას შეუძლია ყველაფერი გააშუქოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.