ზურაბ ჯაფარიძე - „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არ იყო ერთადერთი არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებდა
ზურაბ ჯაფარიძე - „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არ იყო ერთადერთი არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებდა

ის, რომ რაღაც მათემატიკური შეცდომა იყო დაშვებული პარალელური დათვლის დროს, არის „სამართლიანი არჩევნების“ შიდა ამბები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას გავლენა ვერ ექნება იმ რეალობაზე, რა რეალობაც გვაქვს არჩევნების შეფასებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე, – ამის შესახებ გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არ იყო ერთადერთი არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებდა.

„ის, რომ რაღაც მათემატიკური შეცდომა იყო დაშვებული პარალელური დათვლის დროს, მათ შორის, რეგიონალური ოფისის თუ ზემდგომი ორგანოების რა განცხადებები მოჰყვა ამას, ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ შიდა ამბები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას გავლენა ვერ ექნება იმ რეალობაზე, რა რეალობაც გვაქვს არჩევნების შეფასებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე.

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არ იყო ერთადერთი არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებდა.

„სამართლიანი არჩევნების“ დასკვნის გარდა, არსებობს სხვა ორგანიზაციების არაერთი დასკვნა, სადაც ცალსახად არის საუბარი, რომ იყო მოსყიდვები, დაშინებები, დისბალანსები ოქმებში, იყო უამრავი უბანი, სადაც ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა ან მეტობაა, სადაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ერთგან ჩაყრას, ხოლო მეორეგან კარუსელებს ჰქონდა ადგილი.

ის, რომ რაღაც არითმეტიკული შეცდომა დაუშვეს და რაღაც მეთოდოლოგია გამოიყენეს, სერბეთის თუ რაღაც სხვა ქვეყნის, ეს მაინც ვერ ცვლის იმ საერთო სურათს, რაც ქვეყანაშია.

დირექტორის გადადგომა შიდა ორგანიზაციური საქმეა და არა ჩემი და რომელიმე პარტიის. ფაქტია, რაღაც ტიპის სკანდალში გაეხვნენ და იმიჯის აღდგენისთვის რაღაც ზომების მიღება სჭირდებათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.