ზურაბ ჯაფარიძე - როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, სწრაფი მსვლელობა არ მისცეს პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, ნახეს, რომ ზეწოლის ბერკეტმა არ იმუშავა
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტით იმ პარტიებზე ზეწოლას ცდილობდა, რომლებიც დამოკიდებულები არიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე.
ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.
„მაგ კანონპროექტს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რაღაცნაირად ზეწოლის ბერკეტად უნდათ გამოეყენებინათ, რომ ეიძულებინათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩამოკიდებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე მათდა სამწუხაროდ, რაღაცნაირად შეეყვანათ პარლამენტში. ეგ დაფინანსება ზოგადად გასაუქმებელია. მერე ნახეს, რომ უკურეაქცია იყო და პირიქით, ყველამ თქვა, არ გვაინტერესებსო და ახლა უბრალოდ რაღაც დროს იგებენ, ვენეციის კომისიაში გაგზავნიან, დაელოდებიან. შესაბამისად, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მსვლელობა არ მისცენ სწრაფად, რადგან ნახეს, რომ ამ ბერკეტმა არ იმუშავა“, – განაცხადა განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.