ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს
ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც არის ბოლომდე წელში გამართული, იმისთვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს – დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ეუთო/ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე. დაველოდოთ ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის ან ორივეს ერთად პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით. ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია, დავაყენოთ მეორე კანონპროექტზე, რომელიც დაინიცირდა წინა კვირაში, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არა მოქალაქეა და არ აკმაყოფილებს რომელიმე სხვა კონსტიტუციურ ცენზს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში დაველოდოთ მათ პასუხს და იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სამართლებრივ პოზიციას, ერთ ან მეორე ან ორივე ინსტიტუტის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ამ კანონპროექტების მიმართ კრიტიკის საბაბი არავის დარჩება.

„ჩვენ ვიქნებით წელში გამართული, პირნათელი ყველას და ყველაფრის წინაშე. დღეს ვუყაროთ კენჭი კანონპროექტებს პირველი მოსმენით და შემდგომ მეორე მოსმენამდე დაველოდოთ სამართლებრივ დასკვნებს“, – განაცხადა კობახიძემ.