ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტობის შემთხვევაში, შევიწყალებ ყველა ადამიანს, ვინც მსჯავრდებულია ქმედებისთვის, რომლითაც სხვისთვის ზიანი არ მიუყენებია
ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტობის შემთხვევაში, შევიწყალებ ყველა ადამიანს, ვინც მსჯავრდებულია ქმედებისთვის, რომლითაც სხვისთვის ზიანი არ მიუყენებია

პრეზიდენტობის შემთხვევაში, შევიწყალებ ყველა ადამიანს, ვინც რაღაც სასჯელს იხდის, ან უფლებები აქვს შეზღუდული ისეთი ქმედებისთვის, რომლითაც ზიანი სხვა ადამიანისთვის არ მიუყენებია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„ეს პირველ რიგში, ნარკოპოლიტიკას ეხება. უამრავ ადამიანს, რომელიც დღეს დადის და პრობაციაზე ანაბეჭდს ტოვებს, თუ ხელს აწერს, ამის კეთება აღარ მოუწევს და მათ შორის, ბევრი შეზღუდული უფლება აღუდგებათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრედიდენტობის შემთხვევაში შეძლებს, თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდეს. პარალელურად, მისი თქმით, გააუქმებს 21-ე საუკუნის დაკანონებულ მონობას, სავალდებულო სამხედრო სამსახურს და საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის ნებისმიერ მუხლს წაიღებს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს გაპრეზიდენტების შემთხვევაში თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას და წვევამდელთა სავალდებულო გაწვევის გაუქმებას, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თავდაცვა პრეზიდენტის პირდაპირი კომპეტენციაა და მას შეუძლია, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება გააუქმოს. ჯაფარიძის თქმით, თუ ეს მისი კომპეტენციაა, თავდაცვის ბიუჯეტის გასაორმაგებლად, ხელს არ მოაწერს ბიუჯეტის კანონს, სადაც თანხების ფლანგვისთვის უამრავი მუხლია ჩადებული.

„მე ვარ „გირჩის“ კანდიდატი, რომელიც დღევანდელ რეალობაში ბევრი თვალსაზრისით გამორჩეული პარტიაა და ყოველი მოქალაქისთვის, ვისთვისაც თავისუფლების იდეა ძვირფასია, „გირჩის“კანდიდატის ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა ამომრჩევლისთვის თავის წარდგენისას პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის შემთხვევაში, პარლამენტთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„ეს თანამდებობა იმისთვის მინდა, რომ ომი გავაჩაღო და ვიბრძოლო იმ იდეებისთვის, რისთვისაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვიბრძოდი. ვეტოს დავადებ ნებისმიერ კანონს, რომელიც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. ასეთი კი, კანონების უმრავლესობაა. მე პირადად წავალ პარლამენტში და საკუთარ ვეტოს 150 პარლამენტარის წინაშე დავიცავ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ყველა ოპონენტმა, ვინც დებატებში გამოიწვია, უარი განაცხადა და კახა კუკავა იყო ერთადერთი, ვინც ის დებატებში გამოიწვია.

„მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.