ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიცია არის ერთიანი იმასთან მიმართებაში, რომ არანაირი არეულობა ან მსგავსი რამ მხარდაჭერილი არ იქნება
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ცხელ გაზაფხულში იგულისხმება ის, რომ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ქვეყანას ისედაც უამრავი სხვა გამოწვევა აქვს და, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ აკეთებს არაფერს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. დარჩა შეთანხმების ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი – ეს არის ვადამდელ არჩევნებზე შეჯერება თარიღთან დაკავშირებით. აქ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიჯიუტე მართლაც გაუგებარია და ვიტყოდი, სრულიად არარაციონალურია“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან არანაირი არეულობა მხარდაჭერილი არ იქნება.
„ოპოზიცია არის ერთიანი იმასთან მიმართებაში, რომ არანაირი არეულობა ან მსგავსი რამ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება მხარდაჭერილი არასდროს, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალული ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური ფორმებით და კანონის შესაბამისად გამოხატავს პროტესტს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.