პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს.
„ოცნებას ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო. ჩვენ რომ შევხვდით და საჯაროდ ვთქვით, რაც ვუთხარით, ეგ საერთოდ არაა პრობლემა. რამდენი IQ სჭირდება ამის მიხვედრას?“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქში“.
პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიისა და „გირჩის“ შეხვედრას ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს.