ზურაბ ჯაფარიძე - იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი ყველაფერი, არ ვფიქრობ, რომ უგულავას საქმეს გამოძიება სჭირდებოდეს
გიგი უგულავა ახლა პოლიტიკურად არის დაკავებული და ამას გამოძიება არ სჭირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა საქართველოში ევროპარლამენტიდან ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, უგულავას საქმესთან მიმართებაში ყველაფერი „თეთრი ძაფით არის ნაკერი“.
„არ ვიცი, ვისი ინიციატივაა მისიის ჩამოსვლა, თუმცა არ მგონია, უგულავას ამ კონკრეტულ საქმეს ახლა რამე გამოძიება სჭირდებოდეს, იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი ყველაფერი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ადამიანი ამ წუთში არის პოლიტიკური პატიმარი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა წარმოდგენა აქვს უგულავაზე, რა უკეთებია უგულავას თუნდაც წარსულში. ახლა, ამ წუთას ეს ადამიანი პოლიტიკურად არის დაკავებული, ამას გამოძიება არ სჭირდება“, – აცხადებს ჯაფარიძე.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.
მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.