ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვას იწყებს
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვას იწყებს, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, 2020 წლამდე საქართველოს პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეს და საკანონმდებლო ორგანოში ისმოდეს „გირჩის“ ხმა, ამიტომაც მთაწმინდის ამომრჩევლებს საჯაროდ სთავაზობენ გარკვეულ ანაზღაურებას ხმის სანაცვლოდ.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამომრჩეველი, რომელიც წარადგენს საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს, რომელზეც მათი პოლიტიკური გაერთიანება იქნება შემოხაზული, მიიღებს „გირჩის“ ციფრულ ვალუტას, 50 „ელექტრონულ ჯედს“, რომლის გამოყენებასაც ორი დანიშნულებით შეძლებს: „ჯედის“ მფლობელი მოქალაქე ხდება „გირჩის“ ორგანული ნაწილი და შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს „გირჩში“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის 2020 წლის საარჩევნო სიის ფორმირებაში.
რაც შეეხება მეორე დანიშნულებას, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, მოქალაქე აღნიშნული ვალუტის საშუალებით მონაწილეობას მიიღებს „გირჩის“ მიერ დაგეგმილ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში. მისივე თქმით, ერთ საარჩევნო ხმაში მიღებული 50 „ელექტრონული ჯედი“ მომავალში 5000 დოლარის ეკვივალენტი იქნება.