ზურაბ ჯაფარიძე - არაფერი დამიშავებია, ვითხოვდი, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოსულიყო და დამლაპარაკებოდა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე განთავისუფლებულია.
ჯაფარიძე გვიან ღამით კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობს.
მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დარტყმა ბიზნესსექტორზე და სახელმწიფოს პასუხი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
„ის რაც ვნახეთ გუშინ, როგორ განვითარდა მოვლენები, ჯერ „ბასიანთან“ და მერე პარლამენტის შენობის წინ, იყო წარმოუდგენელი ამბავი. სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ქმედებას არავინ ელოდა, კონკრეტულად პოლიციის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ეს არის თავდასხმა კონკრეტულ ბიზნესსექტორზე, ჩვენ ასევე ვნახეთ ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები, როგორ ურტყამდნენ ადამიანებს და როგორ ტენიდნენ მანქანაში, მათ შორის მეც.
არაფერი დამიშავებია, ერთადერთი რასაც ვითხოვდი, იყო ის, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოსულიყო და დამლაპარაკებოდა, ამის გამო ამწიეს ჰაერში, გამაქანეს და სამი საათი გავატარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მშვიდად, წყნარად, ძალიან კარგად მექცეოდნენ. თუ ვინმეს ილუზიები ჰქონდა, რომ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიცვლება, ეს ილუზია აღარავის აღარ აქვს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარლამენტთან აქციაზე, სადაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებდნენ, დაპირისპირება მოხდა. რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირი აიყვანეს. შსს-ში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ საუბრობენ.
შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.
2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.