სპეცოპერაცია „ბასიანსა“ და „გალერიში“ [ვიდეო]

ღამის კლუბებში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციებისას, კლუბის სტუმრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირია აყვანილი. მათ შორისაა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი. შსს-ში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ საუბრობენ.

„ბასიანთან“ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა პირველი არხის ერთ-ერთი წამყვანი ირაკლი აბსანძე. ის და შემთხვევის სხვა თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსენებენ.

ამ დროისთვის, სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან იკრიბებიან.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.