ზურაბ ჯაფარიძე - აქამდე რაც ვიცოდი, ყველას პოზიცია იყო, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმება თუ არ შედგება, ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი
აქამდე რა პოზიციაც ვიცოდი, ყველას პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმება არ შედგება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ შემთხვევაში ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი, შეგიძლიათ, სათითაოდ ჰკითხოთ, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროების საკითხს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ფასილიტატორ ელჩებთან შესათანხმებელი საკითხია, თუმცა თავად მხარს უჭერს, ყველაფერი გასაჯაროვდეს.
„მოლოდინები არის, რომ რაღაც მაინც გამოვა, გუშინ გავიარეთ პუნქტობრივად. შესათანხმებელი ამბავია ფასილიტატორებთან, მე მხარს ვუჭერ, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი, რაზეც მიდის მოლაპარაკებები. აქამდე რა პოზიციაც ვიცოდი, ყველას პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმება არ შედგება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ შემთხვევაში ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი, შეგიძლიათ, სათითაოდ ჰკითხოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩის“ პოზიციაც ის იყო, რომ შეთანხმების გარეშე პარლამენტში არავინ შედის.
„ჩემი პარტიის წევრები აღარ არიან, მე ცალკე ვარ, ისინი ცალკე არიან, შეგიძლიათ, მათ დაელაპარკოთ, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, მათი პოზიცია იყო ის, რომ შეთანხმება თუ შედგება შევდივართ, თუ არა, მაშინ არავინ შედის“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „რა ბერკეტებს იყენებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერების გადასაბირებლად?“, ჯაფარიძე ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს.
„წარმოდგენა არ მაქვს, მე „ქართული ოცნებიდან “არავინ დამკონტაქტებია, არავინ დამკავშირებია“, – დასძინა ჯაფარიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე: „შეიძლება თუ არა ზეწოლად იყოს აღქმული განცხადებები, რომ თუ ვინმე შევა პარლამენტში, ის დაასრულებს თავის პოლიტიკურ ისტორიას“, ჯაფარიძე პასუხობს: „ზეწოლა არის სუბიექტური ამბავი, მე უნდა ჩავთვალო, რომ ვიღაც მაწვება, თუ არ ჩავთვლი, არ მაწვება“.