ზურაბ გვასალია - მხოლოდ საბანკო სექტორის სესხებით, მცირე ბიზნესის ფორმირება ქვეყანაში არის შეუძლებელი
ზურაბ გვასალია - მხოლოდ საბანკო სექტორის სესხებით, მცირე ბიზნესის ფორმირება ქვეყანაში არის შეუძლებელი

მხოლოდ საბანკო სექტორის სესხებით, მცირე ბიზნესის ფორმირება ქვეყანაში არის შეუძლებელი და არსად ხდება, რომ სტარტაპები დაფინანსდეს მხოლოდ საბანკო სესხებით, – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ გვასალიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასტარტო კაპიტალის დაფინანსების პროგრამას „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც სასტარტო კაპიტალის რეფორმის ერთ-ერთი პროგრამაა.

„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. თემა და შინაარსი ამ შეხვედრის იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, საბანკო სექტორთან ერთად. აქ საუბარი იყო სწორედ იმ დაანონსებულ პროექტზე, რომელიც მცირე ბიზნესისთვის სერიოზული მხარდაჭერაა, უნდა შექმნას გარემო, რომლითაც ბევრი ეკონომიკური სუბიექტი უნდა გაჩნდეს სწორედ მცირე ბიზნესის სახით“, – განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

მისი თქმით, საბანკო სექტორმა სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა შეძლოს ამ საკითხის გადაჭრა. სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით კი, პროექტის პარამეტრები დაზუსტდება, შესაბამისი ანალიზის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და გეგმები დაისახება.

„საბანკო სექტორი თავისი წილით უნდა შევიდეს ამ პროექტში, პროპორციებს რაც შეეხება, ალბათ ვნახავთ – 50/50-ზე ან შეიძლება 60/40-ზე. დეტალები დასაზუსტებელია და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავაზუსტებთ“, – განაცხადა გვასალიამ.

ამასთან, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, სტარტაპ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო პროგრამებით ხელშეწყობა და ქვეყანაში მცირე ბიზნესის მხოლოდ საბანკო სესხებით ფორმირება შეუძლებელია.

„მხოლოდ საბანკო სექტორის სესხებით, მცირე ბიზნესის ფორმირება ქვეყანაში არის შეუძლებელი და ეს არც არსად ხდება, რომ სტარტაპები დაფინანსდეს მხოლოდ საბანკო სესხებით. სტარტაპებს სჭირდება სახელმწიფო პროგრამების ხელის შეწყობა და სწორედ ამაზე იყო საუბარი. გამომდინარე აქედან, ახალი ეკონომიკური სუბიექტები, რომელიც სტარტაპებთან და მცირე ბიზნესთან მიმართებაში უნდა შეიქმნას, საბანკო სესხებით მათი შექმნა არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა გვასალიამ.

მისი თქმით, მიუხედავად მაღალრისკიანობისა, საბანკო სექტორის მიერ დაახლოებით 60 მილიონზე მეტის ღირებულების სტარტაპები დაფინანსებულია, თუმცა ეს ძალიან მცირეა და სტარტაპ ბიზნესის განვითარების კუთხით სასურველი შედეგის მიღწევა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის მიერ ერთობლივადაა შესაძლებელი.

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პროექტები და იდეები ხშირ შემთხვევაში, ვერ ხორციელდება სასტარტო კაპიტალზე გართულებული წვდომის გამო. მისი თქმით, საბანკო სექტორთან ერთად, ისეთი თამაშის წესები და ფინანსური მექანიზმები შემუშავდება, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე, საშუალო და სტარტაპ ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებას. სასტარტო კაპიტალის რეფორმა რამდენიმე პროგრამას მოიცავს, რომელიც ბიზნესის მოთხოვნებზე იქნება მორგებული. იგულისხმება, როგორც სტარტაპების განვითარება, ასევე მცირე ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა. ამ რეფორმის ერთ-ერთი პროგრამაა  – ,,ახალგაზრდა მეწარმე’’, რომლის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში  რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.