მამუკა ბახტაძე  - საბანკო სექტორთან ერთად შევიმუშავებთ თამაშის ისეთ წესებს, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე, საშუალო და სტარტაპ ბიზნესის განვითარებას
მამუკა ბახტაძე  - საბანკო სექტორთან ერთად შევიმუშავებთ თამაშის ისეთ წესებს, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე, საშუალო და სტარტაპ ბიზნესის განვითარებას

ფინანსთა მინისტრ  მამუკა ბახტაძის განცხადებით, საბანკო სექტორთან ერთად, ისეთი თამაშის წესები და ფინანსური მექანიზმები შემუშავდება, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე, საშუალო და სტარტაპ ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებას.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორია. აღნიშნული სექტორი მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზეა წარმოდგენილი, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრმა სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტები და იდეები ხშირ შემთხვევაში, ვერ ხორციელდება სასტარტო კაპიტალზე გართულებული წვდომის გამო.

„დღეს, ის მოცემულობა გვაქვს, როდესაც პროექტები და იდეები ხშირ შემთხვევაში, ვერ ხორციელდება, იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა არის გართულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანი პროექტებისა და იდეების განხორციელებისთვის არანაირი წინაღობა არ არსებობდეს.

შესაბამისად, საბანკო სექტორთან ერთად ისეთ თამაშის წესებსა და ფინანსურ მექანიზმებს შევიმუშავებთ, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე, საშუალო და სტარტაპ ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დამარცხება, რომელსაც ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებამ.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში სიღარიბე აუცილებლად დამარცხდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმა რამდენიმე პროგრამას მოიცავს, რომელიც ბიზნესის მოთხოვნებზე იქნება მორგებული. იგულისხმება, როგორც სტარტაპების განვითარება, ასევე მცირე ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამ რეფორმის ერთ-ერთი პროგრამაა  – ,,ახალგაზრდა მეწარმე’’, რომლის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში  რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს დაუფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 000 ლარისა; დარჩენილი 60% ბენეფიციარის თანამონაწილეობაა. თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოძიებული იქნას როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი). პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებების დაფინანსებას. არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესსაქმიანობის წილი მთლიანი დაფინანსების პორტფელში 20%-ს არ აღემატება.