ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ლუქს პალატაში, სადაც რკინის მაგიდა ფიზიკურად არ დგას, გარეგანი დათვალიერებით არანაირი დაზიანება არ ეტყობა
ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ლუქს პალატაში, სადაც რკინის მაგიდა ფიზიკურად არ დგას, გარეგანი დათვალიერებით არანაირი დაზიანება არ ეტყობა

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა და ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გონების კარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის გადმოცემით აქვთ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, თუმცა სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება.

„პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა. ყველა პარამეტრი, იქნება ეს ჰემოდინამიკური თუ რესპირატორული მაჩვენებლები, არის ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ეს ვიცით პაციენტის გადმოცემით, როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება. არც საშუალო მედპერსონალის მიერ და არც ექიმის მიერ, რადგან საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმმა, და როგორც მორიგე პერსონალი გადმოგვცემს, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია. პაციენტის გადმოცემით იყო გონების კარგვა, ამიტომ მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ არსებობს ჩანაწერები“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გონების დაკარგვის გამო რკინის მაგიდას დაარტყა თავი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პალატაში საერთოდ არ დგას რკინის მაგიდა.

„რაც შეეხება რკინის მაგიდას, პაციენტი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას და არ არის იმ სივრცეში. არანაირი დაზიანება არ ეტყობა გარეგანი დათვალიერებით. იცით, რომ კანონიერად ხდება ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კადრები, შეგიძლიათ, მიმართოთ და ნახოთ. გავრცელება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩაწერას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულება. გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს. კონსილიუმი ჩვენთან იკრიბება ყოველ დილით, სხვა პაციენტების განხილვაც ხდება და ამ კონკრეტული პაცოენტისაც, უბრალოდ, მოხდა მიმდინარე კვლევის შედეგებისა და მიმდინარე სამკურნალო გეგმის განხილვა. პაციენტს, რა თქმა უნდა, აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევის შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვა პერიოდულად და ეს არ არის გასაკვირი. არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება. ჩვენ ვერ ვახერხებთ, ჩავუტაროთ სრულფასოვანი მკურნალობა, რადგან პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს. მორიგე ექიმიც და ყველა აცხადებს, რომ გრძელდება მის მიერ უარის გაცხადება სამკურანლო დანიშნულების შესრულებაზე, ასევე კვების რაციონზე. არაერთხელ გვქონდა საუბარი მასთანაც, ოჯახის წევრებთანაც, რომ გაფართოებულიყო  მოტანილი საკვების რაციონი, კალორაჟი მომატებულიყო, მაგრამ არაფერი იცვლება. არის კალორაჟის მინიმალური რაოდენობის შემცველობა, დაახლოებით 400 კილოკალორია, რომელიც არის ძალიან მცირე და არასაკმარისი. აქედან გამომდინარე, მას, რა თქმა უნდა, აქვს ზოგადი სისუსტე, რა თქმა უნდა, ექნება წონასწორობის დაკარგვის მომენტებიც და ეს მოსალოდნელიც იყო“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ გონება დაკარგა.

„დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.