ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის გულჩვილობისა და საქართველოსადმი კეთილგანწყობის არავის სჯერა
ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გულჩვილობისა და საქართველოსადმი კეთილგანწყობის არავის სჯერა.
ჭიაბერაშვილის თქმით, რუსეთმა და პუტინმა 2006 წელს კარგი გაკვეთილი მიიღეს, როცა შეეცადნენ, რომ საქართველო ემბარგოთი დაეზარალებინათ.
„მოკლევადიანად დაგვაზარალეს, მაგრამ 2007 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა – 12,6 პროცენტი გვქონდა და ინვესტიციების ყველაზე მაღალი შემოდინება იყო. ძალიან კარგად იციან, რომ შეიძლება მოკლე ვადით გაგვიჭირდეს, მაგრამ ქართული ბიზნესი შეძლებს ბაზრის ისეთ დივერსიფიკაციას, რომ რუსეთზე დამოკიდებული არ ვიყოთ. არც უნდა ვყოფილიყავით, რომ არა „ქართული ოცნების“ გაუმართლებელი პოლიტიკა, როცა რუსეთში, 2007 წელს, ჩვენი ექსპორტის მხოლოდ ოთხი პროცენტი გადიოდა, უფრო ნაკლები მომდევნო წლებში, მაგრამ 2017 წელს 15 პროცენტზე ავიდა, რაც ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად ისევ დამოკიდებული გავხდით რუსულ ბაზარზე“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.