ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ გიორგი გახარიას ასეთი დაგეგმილი, საჩვენებელი რეიდი ადვილად გაუვა, შესაძლოა, რეპრესიული ტალღა გაგრძელდეს
თუ საზოგადოება ამაზე ხმას არ ამოიღებს და გიორგი გახარიას ასეთი დაგეგმილი, საჩვენებელი რეიდი ადვილად გაუვა, შესაძლოა, რეპრესიული ტალღა გაგრძელდეს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ასეულობით სრულიად უდანაშაულო ადამიანის ცემა-ტყეპა და დაკავება იმის საჩვენებელი იყო, თითქოს, სახელმწიფო ეფექტურად მუშაობს. ამიტომ, აუცილებელია,საზოგადოებას ყველა ასეთ გამოვლინებაზე რეაგირება ჰქონდეს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნარკორეალიზების საქმეზე რვა ადამიანი რეიდამდე იყო დაკავებული.
მისი თქმით, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ შსს-ს ქუჩებში რეიდების ჩატარება უხდება, როგორც მაგალითად, გასული წლის დეკემბერში იყო.
„როცა ქუჩებს კეტავ, რეიდებს აწყობ, სახლში მიმავალ ასეულობით ჩვეულებრივ ადამიანს ჩხრეკ და მერე აჩვენებ, რომ ერთი-ორი ადამიანი დაიჭირე, ეს არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.