ზურაბ ჭიაბერაშვილი - თანხის დაბრუნების ვალდებულებისგან პენსიონერების გათავისუფლება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პიარისთვის იყენებს
თანხის დაბრუნების ვალდებულებისგან პენსიონერების გათავისუფლება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პიარისთვის იყენებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსიისა და შემწეობების დაბრუნებისგან ბენეფიციართა გათავისუფლებას გულისხმობს.
„ყოველწლიურად ფიქსირდება გარკვეული განსხვავება, რა თანხა უნდა გადარიცხულიყო პენსიაზე და რა გადაირიცხა რეალურად. როგორც წესი, ეს ტექნიკური ხარვეზი უნდა გასწორდეს ყოველწლიურად. სხვა საქმეა, რომ „ქართული ოცნება“ ამას დაელოდა წინასაარჩევნოდ და ამასაც წინასაარჩევნო პიარისთვის იყენებს, იმისათვის, რომ ეს ტექნიკური სხვაობის აღმოფხვრა გაასაღოს, როგორც თითქოს, რაღაც კეთდება პენსიონერებისთვის.
სინამდვილეში, დღეს უკლებლივ ყველა პენსიონერი და სოციალურად დაუცველი წუწუნებს ზუსტად იმაზე, რომ ფასების ზრდის გამო, არსებული პენსია და სოციალური დახმარება არ არის საკმარისი და ადამიანებს ძალიან უჭირთ. ეს ინიციატივა რეალურად არაფერს არ ნიშნავს ასი ათასობით პენსიონერისა და სოციალურად დაუცველისთვის. ყველა ტექნიკური ხარვეზის გასწორებასაც კი დღეს „ქართული ოცნება“ იყენებს წინასაარჩევნოდ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.