საკანონმდებლო ცვლილებით, 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი დაბრუნებას არ დაექვემდებარება
საკანონმდებლო ცვლილებით, 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი დაბრუნებას არ დაექვემდებარება

2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

შესაბამისი ცვლილებები „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ უკვე დაკავებული თანხები, ასევე საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხშირად, ადმინისტრირებისას, საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა მხრიდან სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობა იკვეთება, რაც გამოწვეულია საარსებო შემწეობის თანხის ზედმეტად დარიცხვითა და გაცემით.

დეპუტატების ცნობით, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და ადმინისტრირების სქემა შეიცვალა და საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს ვალდებულება აქვთ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ოჯახში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებისა და სხვა მიზეზების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობონ, თუმცა ისინი ამ ცვლილებების შესახებ სააგენტოს არ აცნობებენ და მას შემდეგ, რაც ადმინისტრირების ორგანოსთვის სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდება ამა თუ იმ მიზეზის შესახებ, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები და ამ ოჯახებს უწევთ უკვე ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნება.

„იქიდან გამომდინარე, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები ზედმეტად გაცემული თანხების მიუხედავად კვლავ მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან, მათ სასარგებლოდ გაცემული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღება, რაც ძირითადად სასამართლო წესით ხორციელდება, მიზანშეუწონელია და მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას, იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია და ღარიბი მოსახლეობის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. რაც კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ინიციატორების ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი – 3 478 სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი საარსებო შემწეობის თანხის ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 658 512 ლარს. ასევე მათი ცნობით, სოციალური პაკეტი უკან დასაბრუნებელი არ ექნება – 230 ბენეფიციარს, რაც თანხობრივად 69 000-მდე ლარს შეადგენს.