ზურაბ ჭიაბერაშვილი - სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ზრდაზე ძირითადი გავლენა ესტონური მოდელის შემოღებამ განაპირობა
საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ზრდა ეყრდნობა 2017-2018 წლების მონაცემებს, რაზეც ძირითადი გავლენა ესტონური მოდელის შემოღებამ განაპირობა, რასაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვაფასებდით როგორც დადებით ნაბიჯს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ყოველთვის ამბობდა, რომ სხვა ნაბიჯები, მაგალითად, აქციზის ზრდა, გაანეიტრალებდა ესტონურ მოდელის შემოღების დადებით ეფექტს.
„თუ გავითვალისწინებთ შემდგომ ნაბიჯებს, რაც გადადგა მთავრობამ 2018-2019 წლებში, ვნახავთ, რომ არცთუ სახარბიელოა ამ თვალსაზრისით და ეს რეიტინგიც სრულიად ცხადად ამბობს, რომ საქართველო ჯერ კიდევ დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა. მთავარი პრობლემა მაინც იმაშია, როგორ აისახება რეიტინგის გაუმჯობესება ჩვენი მოქალაქეების ყოფაზე. ასევე, სამწუხაროდ, მხოლოდ რვა წლის შემდეგ მოხდა „სტანდარტ ენდ ფუარსის“ მიერ რეიტინგის აწევა, როცა შესაძლებლობა გვქონდა, რომ გაცილებით უფრო სწრაფად წასულიყო ქვეყანა წინ, თუ იქნებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გააჩერა „ქართულმა ოცნებამ“. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ დროს ვკარგავთ, მეორე – მთავარი კითხვა უნდა იყოს, უმჯობესდება თუ არა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება “, – აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, ჭიაბერაშვილის შეფასებით, პოლიტიკური სტაბილურობა ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„პოლიტიკური სტაბილურობა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ ახლა დავქვეითდით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლასთან დაკავშირებული პრობლემები და პოლიტიკური არასტაბილურობა, სადაც მთავარი არის მთავრობის როლი. თუ მთავრობა მუდმივად ქადაგებს სიძულვილს, ნერგავს ზიზღს და დაპირისპირებას საზოგადოებაში, პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება. „ქართული ოცნების“ როლი არის გადამწყვეტი. „ევროპული საქართველო“ ყოველთვის ვთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს ნებისმიერ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს სწორი ხედვა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევთავაზოთ ალტერნატივა და ამას ვაკეთებთ, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რაციონალური შემოთავაზება აიღოს და გაითვალისწინოს, რასაც „ქართული ოცნება“ არასოდეს აკეთებს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.