ზურაბ ჭიაბერაშვილი - სტრატეგიული პარტნიორები ხელკავით გვატარებენ, რომ ძალიან არ გადავცვივდეთ უფსკრულში, საითკენაც „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს
საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ უმწვავეს პრობლემას, რაც დაკავშირებულია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და მართლმსაჯულების სისტემასთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ეს ორი თემა აღნიშნა.
„გასაკვირი არ არის, რომ მაიკ პომპეო ამ ორ თემას და ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას ხაზგასმით აღნიშნავს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველო დღეს ამაყობდეს ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით, მართლმსაჯულების სისტემის გამართულობით, თვითონ დადიოდეს ინვესტორებთან და ელაპარაკებოდეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, ვხედავთ, სტრატეგიული პარტნიორები ხელკავით გვატარებენ გზაზე, რომ ძალიან არ გადავცვივდეთ უფსკრულში, საითკენაც „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს. ამიტომაც ხაზგასმით აღნიშნეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა, მართლმსაჯულების რეფორმების აუცილებლობა და ის, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი არ შეუშალოს ანაკლიის პორტის მშენებლობას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სასამართლო სისტემისა და არჩევნების შესახებაც ისაუბრა. „მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამასთან, პომპეოს თქმით, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.