ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ნათელია, რომ პოლიტიკური დევნა შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან
რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია. ერთი მხრივ, რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რამდენად დიდ სარგებელს მიიღებს ქართველი ხალხი და, მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ არჩევნები თუ გაყალბდება, მაშინ დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, ვიყოთ ყველაზე წარმატებული კავშირის წევრები, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპარლამენტართა მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის შეფასებისას განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ევროპელებს აქვთ იმედი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ.
„გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპელი ხალხების, ევროპის კავშირის მყარი და მკაფიო მხარდაჭერა იმ არჩევანში, რომელიც გაკეთდება 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია. ერთი მხრივ, რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რამდენად დიდ სარგებელს მიიღებს ქართველი ხალხი და, მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ არჩევნები თუ გაყალბდება – და მხოლოდ ასე შეიძლება „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენ დავკარგავთ იმ სარგებელსაც, რომელიც უკვე გვაქვს – უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, ვიყოთ ყველაზე წარმატებული კავშირის, ევროკავშირის წევრები. რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური დევნა, რომელსაც 12 წელია, „ქართული ოცნება“ ახორციელებს, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და მმართველობის ევროპულ სისტემასთან. არჩევანი ქართველ ხალხზეა, ევროპელებს აქვთ იმედი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“. 14 ევროდეპუტატის პროექტში არის მოთხოვნები, მათ შორის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა.