ზურაბ ჭიაბერაშვილი - ფოთის პორტთან დაკავშირებით სააგენტოს ხელმძღვანელის დოკუმენტის გაუქმება მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს
ფოთის პორტთან დაკავშირებით ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული დოკუმენტის გაუქმება მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ აღმაშფოთებელია არა მარტო მთავრობის დამოკიდებულება, არამედ როგორ იქცევა მთავრობა, მისი თითოეული წარმომადგენელი.
„ეს თამაში ხომ არ არის, ნებართვა გასცე, მერე საზოგადოება რომ აღშფოთდება, წაართვა და ამ დროს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენო, რომ საქართველოს მთავრობამ არ იცის, რა უნდა და რა არის მისთვის პრიორიტეტი. ისინი ჯერ რაღაცას აკეთებენ და მერე ფიქრობენ, ამას შედეგად რა მოჰყვება. საბოლოო ჯამში, არანაკლებ ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ის, რომ თურნავამ ახლა გააუქმა ფოთის არსებულ პორტზე არსებული დოკუმენტი, მდგომარეობას არანაირად არ არბილებს, პირიქით, კიდევ უფრო აუარესებს და მთელ მსოფლიოში ყველას ეუბნება, რომ ამ ხალხმა ქვეყნის მართვა არ იცის, არ იცის, ქვეყანას რა სჭირდება.
ჯოხის გადატეხვა ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაც სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელია. ანაკლიის პორტი და იქ მიმდინარე საკითხები, მათ შორის ფოთის პორტთან დაკავშირებით, უნდა იყოს არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის, არამედ პრემიერ-მინისტრისა და მთელი მთავრობის ყურადღების ქვეშ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელიც გაიცა ფოთის პორტთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, არამედ ის არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც მინისტთან. ასევე დოკუმენტი გაცემულია პროცედურული დარღვევებით. სამინისტრომ დოკუმენტი გააუქმა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.
ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა ასევე კომპანიამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“. „ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია განცხადებაში. „ეიპიემ ტერმინალსმა“ „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ 2011 წლის აპრილში შეისყიდა.