ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე, მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე, რაიმე გაუმჭვირვალე თუ არის ამ ქვეყანაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემების შავი ფულია
ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე, მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „„ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ დაფინანსებას არ ასაჯაროებენ“.
„რაიმე გაუმჭვირვალე და შავი ფული თუ არის ამ ქვეყანაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ კორუფციული კლანის, სქემების შავი ფულია. ცნობილი „ქოლცენტრებიც“ მათ გამგებლობაშია და სწორედ ასე აფინანსებენ თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ქართველი ხალხის გაყოფასა და დაპირისპირებისკენ არის მიმართული. ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე, მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს და არა არჩევანს სიღატაკისა და იზოლაციის სასარგებლოდ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მეგობრები დგანან ქართველი ხალხის გვერდით, ისინი არ დგანან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით, დგანან ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს. ეს არჩევანი არის ევროკავშირი, ეს არჩევანი არის ევროპული კეთილდღეობა საქართველოში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.