საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგა ფაჰრეთინ კოჩას შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა.
„მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გამახვილდა.
მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ზურაბ აზარაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი წამყვან თურქულ საწარმოებს დაათვალიერებს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ასევე, ფარმაცევტული საწარმოების ასოციაციისგან თურქული ფარმაცევტული ინდუსტრიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი – ზურაბ დვალი.