თურქეთი-საქართველო არ გადათამაშდება - ფიბა-მ პროტესტი არ დააკმაყოფილა [ვიდეო] #1TVSPORT
თურქეთი-საქართველო არ გადათამაშდება - ფიბა-მ პროტესტი არ დააკმაყოფილა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოააშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა.

თურქეთის მხარე მიანიშნებდა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე გაპარულ 22 წამზე. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე.

სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: „გამოძიება დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას“.