კალათბურთი | როგორ მოხვდება საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის: 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთთან, ხოლო 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიასთან. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ამ მატჩების შედეგებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე პირველად 2023 წელს იასპარეზა – იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კაბო ვერდე და ვენესუელა დაამარცხა, მეორე ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ევროპის კონტინენტიდან 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, ექვსი სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. პირველ ეტაპზე საქართველო დანიას, ესპანეთსა და უკრაინას ეთამაშა. თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გადავიდა, სადაც ოთხი ახალი ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალსა და მარტში იმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ მეტოქეებს უპირისპირდებიან, რომლებსაც პირველ ეტაპზე არ შეხვედრიან. გუნდებს პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები მეორე ეტაპზეც გადაჰყვათ. საბოლოოდ, თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.
მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ჯგუფს ექვსი მოგებით უკრაინა ლიდერობს, ხუთ-ხუთი მოგება აქვთ საქართველოსა და ესპანეთს, ოთხ-ოთხი კი – საბერძნეთს, პორტუგალიასა და მონტენეგროს. არსებული სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბევრ რამეს ნოემბერში გასამართი ორი მატჩის შედეგები გადაწყვეტს.
სატურნირო მდგომარეობა საბერძნეთთან მატჩის წინ:
დარჩენილი მატჩების განრიგი
26 ნოემბერი
საბერძნეთი – საქართველო
პორტუგალია – უკრაინა
მონტენეგრო – ესპანეთი
29 ნოემბერი
ესპანეთი – საბერძნეთი
უკრაინა – მონტენეგრო
საქართველო – პორტუგალია
26 თებერვალი
პორტუგალია – ესპანეთი
საბერძნეთი – უკრაინა
მონტენეგრო – საქართველო
პირველი მარტი
ესპანეთი – მონტენეგრო
უკრაინა – პორტუგალია
საქართველო – საბერძნეთი