ზურაბ აზარაშვილი - სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული
სუროგაცია, დონაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება – სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ეს სერვისები იყო უკონტროლო, არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვისი ემბრიონია, ვინაა დონორი და სრულიად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ხდებოდა ეს პროცესები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.
მისივე თქმით, ცვლილებები, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.
„დღეს არ არსებობს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა ან სახელმწიფოს რომ წვდომა ჰქონდეს ამ ბაზებთან. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს. ამ უკონტროლო სიტუაციას კი, საბოლოოდ, გარკვეული წვლილი შეაქვს დემოგრაფიულ პრობლემაში. არის თითქოს საუბარი და სპეკულაცია იმაზე, რომ რაღაც რეგულირდებოდა, თუმცა ეს ასე არაა. საქართველოში როცა ბავშვი იბადება, მიდიან სამოქალაქო რეესტრში დედ-მამა და რეგისტრირდება, აი, ამ დონეზე.
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ბოლო თვეებში, ბავშვი საქართველოში არც იბადება. როცა გამიზნულია მისი გასხვისება სხვა ქვეყანაში, სუროგატი პირდაპირ იმ ქვეყანაში მიჰყავთ, სადაც ბავშვი, უნდათ, რომ დაიბადოს. ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა შეგვესრულებინა. ვფიქრობ, რომ ახლა არის კანონპროექტის სრულყოფილი ვერსია, რომელიც შეჯერებულია დასავლურ გამოცდილებასთან. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მომზადებული ეს კანონპროექტი. ცვლილებებით, აღნიშნული სერვისებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.