ზურაბ აზარაშვილი - სამედიცინო დაწესებულებათა უმრავლესობა უკვე ემზადება აკრედიტაციისთვის, რაც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობა გახდება
აკრედიტაციის, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის დანერგვით ჩვენ, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი მიზნობრივად მიმართული იქნება ხარისხიანი სერვისების დაფინანსებისკენ, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად.
„სამინისტრომ სიღრმისეულად შეისწავლა საერთაშორისო აკრედიტაციის არსებული სისტემები, აკრედიტორი ორგანიზაციების მოთხოვნები და საერთაშორისო დონის სტანდარტები. დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, რომლებიც ოპერირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისასალმებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობამ უკვე აქტიურად დაიწყო მზადება აკრედიტაციის მოსაპოვებლად, რაც 2025 წლიდან გახდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.