ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებებისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას.
თავის მხრივ, იოახიმ შტამპმა ზურაბ აზარაშვილს მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით გერმანული მხარის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.
გერმანიის ფედერალური მთავრობის მიგრაციის საკითხებში სპეციალურმა რწმუნებულმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებულის ბიუროს უფროსი პეტერ შმიდტი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი ესწრებოდნენ.