ზურაბ აზარაშვილი - კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა თუ იქნება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, არსებობს რეგულაცია, რომლითაც დარღვევებთან დაკავშირებულ პრობლემას მოევლება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ამოქმედდება, კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება.
მისივე თქმით, არსებობს გამართული სისტემა, რომელსაც დარღვევების შემთხვევაში გამოიყენებენ.
„კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა თუ იქნება, ამაზეც შესაბამისი გეგმა გვაქვს. საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში, მზადყოფნა გვაქვს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იგივე თურქული ბაზარი რომ გავხსენით, სამწუხაროდ, ხშირად იყო ფაქტები, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, საკმარისი რაოდენობით არ ხდებოდა მედიკამენტების იმპორტი. რეგულირების სააგენტო, კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. როცა მიზანმიმართულად ხდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ხელოვნურად დეფიციტის შექმნა ან სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედებები, საკმაოდ მკაცრი რეაგირება ხდება და მაღალი ჯარიმებიც არის. ეს სისტემა ავაწყვეთ კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, რადგან თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება გვქონდა. სამწუხარო იქნება, თუ დაგვჭირდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ამ სისტემას გამოვიყენებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ გარშემო ბევრი ადამიანია, ვისაც კონკრეტულ მედიკამენტებთან ჰქონდა შეხება და ის მედიკამენტი თურქეთიდან იმპორტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიაფდა. ისიც გაგებული გექნებათ, რომ ხელოვნურად გაზრდილი მოთხოვნით ხანდახან ხდება, რომ ზოგიერთი ექიმი წერს კონკრეტულ მედიკამენტებს, იქმნება დეფიციტი, ჭარბი მოთხოვნა და ერთი და იგივე მედიკამენტი შეიძლება, ხუთჯერ-ათჯერ ძვირადაც იყიდებოდეს. სწორედ ეს არის დერეგულაციის ბრალი და ეს არის დერეგულაციის შედეგი, პრობლემა. დღევანდელი რეგულაციით ამ პრობლემასაც მოევლება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კომპანიებისთვის ელექტრონული ბაზების გახსნა სავალდებულო გახდა. მისივე თქმით, ამ სისტემაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ელექტრონული ბაზების გახსნას რაც შეეხება, ეს უკვე სავალდებულო გახდა. რეგულირების სააგენტო უნდა ხედავდეს ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო რეალიზატორის ბაზებს, ასევე ტრანზაქციებს. ეს, ერთი მხრივ, გაგვიმარტივებს ელექტრონული რეცეპტების სისტემის ადმინისტრირებას და, მეორე მხრივ, ფალსიფიცირებული მედიკამენტების ბაზარზე ბრუნვის კონტროლს. სულ მალე ეს სისტემა ქვეყანაში იქნება. ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ნებისმიერს შეეძლება, ნებისმიერ მედიკამენტზე სრული ინფორმაცია მიიღოს“, – განაცხადა აზარაშვილმა.