ზურაბ აზარაშვილი - გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლის გამო, კორექტირებები იყო საჭირო, რასაც კლინიკები უნდა დათანხმებოდნენ, ამ ეტაპზე ყველა დავალიანება გასწორებულია, ვიცავთ გადახდის ვადებს
ზურაბ აზარაშვილი - გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლის გამო, კორექტირებები იყო საჭირო, რასაც კლინიკები უნდა დათანხმებოდნენ, ამ ეტაპზე ყველა დავალიანება გასწორებულია, ვიცავთ გადახდის ვადებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იანვრიდან დღემდე კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი სახელმწიფომ დააფინანსა და  სამინისტროს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს.

როგორც აზარაშვილი განმარტავს, გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლა სიახლე იყო კლინიკებისთვის, ისინი ახალ სისტემას ეჩვეოდნენ, რის გამოც ხშირად კლინიკების მხრიდან საჭირო იყო კორექტირებები.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო გადახდის ვადებში ეტევა და ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ ყველა დავალიანება გასწორებულია.

„შესაძლოა, რაღაც პერიოდი ანაზღაურების დაგვიანება იყო. ნოემბრიდან გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლა სიახლე იყო კლინიკებისთვის და, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საჭირო იყო კორექტირებები, რასაც კლინიკები უნდა დათანხმებოდნენ. არ მიგვაჩნია, რომ მიზანმიმართულად, ხელოვნურად არის კოდების გაზრდა, რათა მეტი თანხები გადავუხადოთ. კლინიკები ახალ სისტემას ეჩვევიან, რის გამოც სანქციები გამოყენებული არ არის. ასეთი ფაქტების კვლავ დაფიქსირების გამო, ინდივიდუალურად გვიწევს საკითხის კლინიკებთან გავლა. აუცილებელია კლინიკის მხრიდან დადასტურება, რომ კორექტირება მოხდეს და, შესაბამისად, კორექტირებული თანხა ჩაერიცხოს. იყო ბევრი შემთხვევა, როცა კლინიკები არ ეთანხმებოდნენ, აქედან გამომდინარე, ეს თვეები ცოტა დაგვიანდა. დღეისთვის, მარტის ჩათვლით, კლინიკების მიმართ ყველანაირი დავალიანება გასწორებულია და უკვე შესაბამისობაში ვართ იმ კონტრაქტთან, რაც პროვაიდერს, სერვისის მიმწოდებელსა და სამინისტროს შორის არსებობს. ჩვენ ვიცავთ ანაზღაურების გადარიცხვისთვის სამთვიან პერიოდს. ჩემი დიდი სურვილია, რომ ანაზღაურების ნაწილში ორ თვემდე ჩამოვიდეთ. წინასწარ განსაზღვრული კონტრაქტით ორ-სამთვიანი დაგვიანებები ისედაც ცხადია. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ წინა თვეში ჩატარებული სამედიცინო ჩარევის თანხა მომდევნო თვეში არ ირიცხება. თეორიულადაც ვერ ჩაირიცხება, რადგან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში აქვთ „ფორმა ასის“ და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება. ამის შემდეგ ხდება განხილვა. ამ ეტაპზე ყველა დავალიანება გასწორებულია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.