ზურაბ აზარაშვილი - ფარმაცევტულ სექტორს მომდევნო 15 დღის განმავლობაში აქვს საშუალება, გადახედოს მედიკამენტის ზღვრულ ფასებს, არგუმენტირებული პრეტენზია თუ ექნებათ, განვიხილავთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ სექტორს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აქვს საშუალება, გადახედოს მედიკამენტებზე დადგენილ ზღვრულ ფასებს და არგუმენტირებული პრეტენზიის შემთხვევაში, საკითხს სპეციალური საბჭო განიხილავს.
„სექტორს მომდევნო 15 დღის განმავლობაში აქვს საშუალება, გადახედოს ფასებს. თუ რომელიღაც კონკრეტულზე ექნება არგუმენტირებული პრეტენზია, განვიხილავთ. სპეციალური საბჭო შეიქმნა ამისთვის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ზღვრული ფასები 15 თებერვლიდან ამოქმედდება. საცალო და საბითუმო რეალიზატორები უკვე 15 თებერვლიდან ვალდებული იქნებიან, ახალი ფასების მიხედვით უზრუნველყონ მედიკამენტების რეალიზაცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი ამოქმედდება, კომპანიებს, დარღვევების შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმა დაეკისრებათ.
„მოგეხსენებათ, წლების წინ როგორც ფარმაცევტულ, ისე ჰოსპიტალურ ნაწილში ყველანაირი რეგულაცია გაუქმებული იყო. ახლა გვიწევს რეგულაციების შემოტანა. რასაკვირველია, ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ბიზნესს არ ჰქონდა რეგულაციები, გაცილებით მარტივი იყო მათთვის ოპერირება. მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და მედიკამენტებზე შესაბამის სწორ ფასებს დერეგულაციით ნამდვილად ვერ მივაღწევდით. ამიტომ საჭირო იყო რეგულაციების შემოტანა. ასევე, გვაქვს კიდევ რამდენიმე რეგულაცია, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისთვის ცვლილებები მისაღებია.
„დამოკიდებულება, რომელსაც ღიად გამოხატავენ, არის ის, რომ მისაღებია, თუმცა სხვადასხვა საკითხია, რომლებიც კანონში ჩაიწერა და ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგალითად, ბაზების გახსნის ვალდებულება, სხვადასხვა ჯარიმა და სანქციების მექანიზმები. ვფიქრობთ, ეს აუცილებელი მექანიზმებია, რათა კანონმა, ცვლილებებმა იმუშაოს და მივაღწიოთ მიზანს, რომელიც მოსახლეობისთვის გაიაფებული და ხელმისაწვდომი მედიკამენტებია.
ვინაიდან ბაზარზე გვაქვს როგორც ორიგინალი მწარმოებლების, ასევე გენერიკული მედიკამენტები, ანუ ასე ვთქვათ, ასლები, გვინდოდა, შეგვენარჩუნებინა როგორც ორიგინალი მწარმოებლები, ისე გენერიკული მწარმოებლებიც და მაქსიმალურად ყოფილიყო ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ დავადგინეთ ორი ფასი. ცალკეა დადგენილი მაქსიმალური ფასი ორიგინალი მედიკამენტებისთვის და ცალკეა ფასი გენერიკული მედიკამენტებისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
აზარაშვილის განცხადებით, რეფერენტული ფასების განსაზღვრისას, ოთხი რეფერენტული ქვეყანა შეირჩა.
„შევარჩიეთ ოთხი რეფერენტული ქვეყანა და იმ ოთხ ქვეყანაში ვეძებთ კონკრეტულ მოლეკულებს, მოლეკულაზე წარმოებულ ბრენდული დასახელების მედიკამენტებს, მათი საბითუმო-საცალო საშუალო ფასი გვაქვს აღებული და გადმოტანილი ჩვენს საბითუმო-საცალო ფასში შესაბამისი კურსით. ეს არის ე.წ. მაქსიმალური ჭერი საბითუმოსთვის. ვინაიდან მნიშვნელოვანია, აფთიაქებს და საცალო რეალიზატორებს ჰქონდეთ შესაბამისი შემოსავალი, არ მოხდეს მედიკამენტების მარჟის მთლიანად საბითუმო მხარეს გადატანა, საბითუმოდან აფთიაქამდე ჩვენ კონკრეტული პროცენტული მარჟების საშუალება დავუტოვეთ. ეს არის 15-იდან 35 პროცენტამდე და ამის ფარგლებში, აფთიაქებს შესაბამისი მოგების გენერირება შეუძლიათ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.